გამომცემლობას ,,წიგნები ბათუმში”,

1489005_383511891829458_6787625649927231822_n

მოგესალმებით,

მამაჩემი ჯართის შემგროვებელი ფიორელო ბოდონია. ჩვენ მომჭირნედ ვცხოვრობთ ჩემს დედასთან და და-ძმებთან ერთად. დაბადების დღის საჩუქრად კოსმოსური ხომალდის საგზური მინდოდა, რომელიც 30 და მეტი მილიონი ღირს, თუმცა ამის სანაცვლოდ ,,ტანმოხატული კაცი” მივიღე. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან თქვენი წყალობით დიდი ხნის ოცნება ამისრულდა და კოსმოსში ვიმოგზაურე.

მეგონა, რომ კოსმოსი სიცარიელეა. ვცდებოდი.

დღეს უკვე აღარ მაოცებს ვარსკვლავებიანი ცა ჩემს თავზე და ვიცი, რომ ადამიანი თუ მისი მორალური კანონი გაცილებით უფრო დიდი და ამოუხსნელი გამოცანაა.

მაგალითად, ჰიჩკოკი, ჩემი იქაური მეგობარი, ამბობს, რომ არაფერი არსებობს, არც ვარსკვლავები, არც პლანეტები, არც ის ხომალდი, რომლითაც ერთად ვმგზავრობთ. მეუბნება, რომ ეს არის სივრცე, სადაც არაფერია, არც თავს ზემოთ და არც ქვემოთ, სადაც არც დღეა და არც ღამე. მაშინებს მისი აზრები, თუმცა იმედი მაქვს, არ გაგიჟებულა და უბრალოდ დედამიწა მოენატრა. არ ვიცი როგორ სიზმრებს ხედავენ ადამიანები ასეთ დროს.

ჩემთვის ნოსტალგია ძველი ფილმის ერთი კადრია, როცა უცხო ქვეყანაში წასულ პოეტს თუ მოგზაურს თავისი ოჯახი ესიზმრება, ნისლში გახვეული ხის სახლი, მოხუცი დედა, ცოლი, შვილი, ცხენი და ძაღლი. ისინი უძრავად დგანან. დგანან სიჩუმესა და სიცივეში, უთქმელი სევდით სავსე თვალებით. არაფერს ითხოვენ, არაფერს ელიან. ვფიქრობ, ნუთუ ჰიჩკოკიც ასე იტანჯება?

მარსზე, მშრალი ზღვის ფსკერზე, დედამიწიდან გადასახლებულ ავადმყოფებს შევხვდი. მთხოვეს და ქალაქებზე ვუყვებოდი, იმ ქალაქებზე, რომლებიც მიატოვეს და რომლებიც ძალიან ენატრებათ. რაში ეხმარებოდათ ჩემი ისტორიები? არ ვიცი. უბრალოდ, თვალებს ხუჭავდნენ და ამბობდნენ, რომ ხედავენ ქუჩებს, სკვერებს, ესმით მანქანების ხმა. ასეა. გალაქტიკის მოქალაქე ადამიანის მონატრებას ერთი ქალაქის პატარა ქუჩა იტევს.

ვენერაზე წვიმდა. წვიმდა გადაუღებლად. წყლით იყო გაჟღენთილი მიწა და ჰაერი. თუ მათი ამბავი გაინტერესებთ, მე ისინი არ მინახავს და არც მინდოდა, რომ მენახა. შეუცნობელის შიში უფრო ნამდვილი შიშია. ბევრი რამ არ მახსოვს იმ დღეებიდან. წვიმის ხმაური ახშობდა ჩემს ფიქრებს. ვიცი, ხშირად ვუყურებდი საკუთარ დეფორმირებულ, წლით დამბალი თითების ფალანგებს და ძალიან მეშინოდა, რომ არასდროს ექნებათ მათ ჩემთვის ნაცნობი ფორმა.

ერთგან უცნაურ წყვილს შევხვდი. ამბობდნენ მომავლიდან ვართ, რაღაც რეჟიმს თუ დიქტატურას გამოვექეცით და ჩვენს უკან დაბრუნებას ცდილობენო. მაფრთხილებდნენ ატომურ ომზე, ქიმიურ იარაღზე, სამყაროს აღსასრულზე. დავამშვიდე, ვუთხარი, მსგავსს არაფერს ვაპირებთ, მშვიდობასა და თანასწორობაში უნდა გავლიოთ ჩვენი დღეები-მეთქი. გაეცინათ. წამოვედი. გზაში ვფიქრობდი, რამდენჯერ უნდა წაიკითხო ადამიანმა ორუელი დევნის მანიით ასე შეპყრობილი რომ გახდე-მეთქი.

ისიც იყო, ალბათ. ისევე როგორ ჩვენთან, ის იყო არსად და ამავე დროს ყველგან. და იყო პირობაც, რომ ის დაბრუნდება. კოსმოსური ხომალდის კაპიტანი შემხვდა, მითხრა, სულ რამდენიმე საათით გამასწრო ერთი პლანეტიდანო. ჯიუტად ეძებდა უსასრულო კოსმოსში, როგორც ნემსს (თუ ნემსის წვერს) თივის ზვინში. მე ვუთხარი, ჩემი მეგობრები ამბობენ საკუთარ თავში უნდა ეძებო და მხოლოდ ასე თუ იპოვი-მეთქი. არ დამიჯერა. ან მე რა მიპოვნია, იმას რომ რჩევას ვაძლევდი.

ათასგვარი შიში დამჩემდა. მაგალითად, რას ვიზამ თუ მეცოდინება რომ არასდროს დადგება ხვალინდელი დღე? გადავწყვიტე, რომ არაფერს. ვიცხოვრებ ისევე, როგორც ყველა დანარჩენ დღეს, იმიტომ რომ დღეები, რომელთა რიცხვითაც ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების ხანგრძლივობა იზომება, ყველაზე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეებია. ვეტყვი, რომ მიყვარს, ისე ,,როგორც ყოველთვის” და არა ,,როგორც არასდროს”. ვეცდები, არ შემეშინდეს, თუმცა გამიჭირდება. გული დამწყდება ყველა დაუმთავრებელ წიგნზე, შეწყვეტილ ცეკვასა და პატარა ქალაქის მთავარი მოედნის ღია კაფეზე, სადაც არასდროს დამილევია ცხელი ყავა.

კოსმოსში ვისწავლე, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილი მზის დაბნელებას გავს. ასეთ დროს მარტივია შეიძულო მზე, რომელსაც აღარ მოაქვს სითბო და სინათლე, ფანჯრებზე შენი მარტოობით დამძიმებული შავი ფარდები ჩამოაფარო, დარაბები მჭიდროდ დახურო, დაგმანო ყველა ღრიჭო თუ ნაპრალი. მერე დაჯდე და გაიხსენო ყველაფერი, რის დავიწყებასაც უშედეგოდ ცდილობ.

რას დავარიგებდი ასეთ დროს საკუთარ შვილს? ვეტყოდი, რომ ყოველთვის როდესაც ექნება არჩევანი ტკივილსა და არაფერს შორის, აირჩიოს ტკივილი. მე ეს დიდი ხნის წინ ერთმა იოკნაპატოფელმა კაცმა მასწავლა და მართალიც იყო. ის ყოველთვის მართალია.

კოსმოსი სიცარიელე არ არის, თუმცა იქ არაფერია ადამიანების საუკუნოვანი სევდისა და მარტოობის გარდა.

თქვენ მე მაჩუქეთ ეს კოსმოსი.

დიდი მადლობა,

ანია ბოდონი,

გაზაფხული, 2015 წელი

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ჩემს უსაყვარლეს ვივიენს,

vivienne-westwood-0021

ბებო, მე შენს ქალაქში ვარ. შენ ?

შენ ალბათ სადმე ცისარტყელას ფერებს და ხმაურს დაატარებ. ქემდენის მტვერი, პორტობელოს აჩრდილები, სიდის და ნენსის ხსოვნა, პანკ კულტურის ანარქისტული რომანტიკა და 70იანების ლეგენდები. მე ? იდეალურად მოწესრიგული ქუჩებით, იდეალურად დალაგებულ სახლში ასეთივე სამსახურიდან დაბრუნებული, ტანსაცმლის კარადაში გადამალულ ყუთში შენს გამოგზავნილ ფეხსაცმელებს ვპოულობ და… პანდორას ყუთს გავს, ყველაფერს იტევს, ოღონდ იმედი ფსკერზე კი არ რჩება, პირიქით, მე იქ იმედს ვინახავ, ყოველთვის როცა ამ ყუთში შენს გამოგზავნილ ფეხსაცმელებს ვაწყობ და კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში ვათავსებ.

აი ის ფეხსაცმელები რომ მაცვია, მე შენი ღირსეული შვილიშვილი ვარ. ვიცვამ ყველაფერ ფერადს რაც გამაჩნია, ყველაფერს ერთად და რა თქმა უნდა წინასწარ განსაზღვრული წესრიგის გარეშე.  ამ დროს მესმის შენი სიტყვები, სადღაც ბავშვობიდან, ფრაზები – ,, ინდივიდუალური, გამორჩეული, მეამბოხე, განსხვავებული, არაორდინალური, პროვოკაციული, ექსპერიმენტული”. ალბათ არც მაშინ და არც ახლა ბოლომდე არ ვიცი ამ სიტყვების მნიშვნელობა და ამიტომ მეშინია, რომ როცა გნახავ, შენ სტაფილოსფერი თმებიდან გამომხედავ და მეტყვი, რომ ეს ერთფეროვნება ბოლოს გიღებს. მე კი ძალიან შემრცხვება.

მაგრამ სანამ ის ფეხსაცმელები მაცვია და სარკის წინ ვდგავარ, მგონია რომ შენც იქვე ჩემთან ახლოს ხარ, მიყურებ, ჩაის სვამ და გეღიმება, იმიტომ რომ ჩემთვის ის კულტურა, რომელიც შენ და შენმა მეგობრებმა შექმენით მითოლოგიაა, რომელიც რომლებზეც წამიკითხავს, ფილმები მინახავს, ხშირად დამსიზმრებია. შენ კი ის ეპოქა იცხოვრე.

სულ მგონია რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ჩემს მშობლებს შენი სიყვარულით დარქმეული სახელი შენივე სურვილით არ შეემოკლებინათ და ენის ნაცვლად დღეს ვივი-ენი ვყოფილიყავი. მაშინ გითქვამს ვივიენის ცხოვრება მარტივი არ იყო და რად გინდათ ბავშვისთვის ამდენი ტვირთიო, ხოდა ამიტომ არის ალბათ რომ ჩემთვის ყველაფერი მარტივია, ისეთივე მარტივი, როგორც ჩემი სახელი.

Let it rock,

შენი შვილიშვილი ენი,

ლონდონი

Fall, 2012

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

მარის, ირაკლის, ლეას !

tumblr_mn3crySpnw1qj38pco2_1280

ერთხელ, დიდი ხნის წინ, მარიმ სადღაც დაწერა თუ ახსენა, რომ ძალიან უყვარს ხელნაწერი წერილები. ზამთარი იყო. მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და მე რატომღაც ძალიან მომინდა მისთვის მისალოცი ბარათი დამეწერა. მახსოვს ფერადი და მოკრძალებული წერილი გამომივიდა ადამიანისთვის, რომელსაც მაშინ კარგად არ ვიცნობდი, ასე ძალიან არ მიყვარდა, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ ყოველთვის ვიცოდი რომ გავიდოდა დრო და ჩვენ…

ჩვენ ვისხდებოდით მის თბილ სამზარეულოში და ვილაპარაკებდით მუდმივ და გადაუჭრელ პრობლემაზე სახელად ,,ფოლკნერი-დოსტოევსკი” (ირაკლი იტყვის, რომ განსხვავებული თანამიმდევრობით უნდა დამეწერა), იმ ფილმებზე, რომლებიც ვაპატიეთ ტრიერს, იმ დღეებზე, რომლებიც გველოდნენ მომავალში. მომავალს კი გვერდით ოთახში მშვიდად ეძინა და მაშინ სულ ერთი ციდა იყო. ლეას შემხედვარე ახლა ძნელია ამის თქმა, მაგრამ მე ხომ მახსოვს…

მახსოვს, როგორ გადაბარგდნენ ირაკლი და მარი ბათუმში და როგორ გახდა ჩემი ყველა წერილის დასასრული – სიტყვა ,,მენატრებით”.

მენატრებით ახლაც, როცა კიევში ხართ და მე ასე შორიდან უნდა მოგილოცოთ დაბადების დღე, ბუნებრივია ორივეს. ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა ვიცი, რომ თქვენ უთქმელადაც მიხვდებით ყველაფერს. არ ჩამოვწერ სტანდარტულ სურვილებს, უბრალოდ მათ შორის ყველაზე ეგოისტურს გამოვარჩევ. აი ასე ეგოისტურად –  მე მინდა დიდხანს შემეძლოს გიყურო თვალებში და დავინახო როგორია შენი ბედნიერება, სიხარული, მოლოდინი, იმედი, ხანდახან სევდა და იმედგაცრუებაც. და მზერა ისეთი თბილი უნდა იყოს როგორიც, მაგალითად, ირაკლის თამაშზე მე და სანდრომ რომ დავაგვიანეთ მოსვლა და მერე შენ გვითხარი, მეგონა ვერ მოახერხებდითო, ან ისეთი ინსომნიათვის სულ მარტო რომ დაგტოვეთ იმხელა წიგნების მაღაზიაში, შენ კი მშვიდად იდექი კართან და გვიღიმოდი, ანაც ისეთი, წინა ზამთარს მარტოები რომ ვისხედით იმ დიდ აუდიტორიაში და შენ მითხარი, გუშინ მე და ირაკლი სულ თქვენზე ვლაპარაკობდითო, ზაფხულში – შენს სარწეველა სკამში რომ იჯექი და გვიყურებდი, როგორ დავსველდით ჩვენ ბათუმის წვიმაში, ჩემი და ლეას თამაშს რომ უყურებ და მე მეუბნები, ძალიან მძიმეა, ნუ აბურთავებო – ეგ მზერაც. საერთოდ, რომ გხედავ და ბედნიერი რომ ვარ, ნეტავ ეგ ბედნიერება არ დავკარგო არასდროს – აი რას ვისურვებდი.

ვისურვებდი დიდხანს შემეძლოს შენს თვალებში ყურება, რათა იქ საკუთარი თავი დავინახო.

ბედნიერი იყავი, ჩემო კარგო გოგო !

მიყვარხარ მე.

ანია

დეკემბერი, 2013

Posted in Uncategorized | 2 Comments

შენ?

tumblr_mm6vmdN7NV1r5keybo1_500

პირველად იყო შიში. პირველყოფილ ადამიანს ეშინოდა საკუთარი ჩრდილის, რომელიც ყოველთვის და ყველგან თან სდევდა, დღეებს ეშინოდათ დაღამების და სიბნელის, მიწას და ცას – ერთად ყოფნის, რადგან ამ დროს იბადებოდა ჰორიზონტი, რომელიც არცერთ მათგანს არ გავდა და იყო სრულყოფილი, მათზე უკეთესი. ღმერთებს ეშინოდათ, რომ მათთვის მოტაცებულ ცეცხლს, ისევე როგორც ცხოვრების სხვა საჩუქრებს, ადამიანი უგუნურად გამოიყენება და დაწვავდა ჯერ ტაძრებს, შემდეგ წიგნებს და ბოლოს დაიწვავდა საკუთარ თავსაც ჰოშიმინის რომელიმე მოედანზე. ღმერთებს სიკვდილისაც ეშინოდაც.

მე მეშინოდა შენი შეყვარების, შენ ?

შიში იყო მერეც. ის დროსთან ერთად არ ქრებოდა, პირიქით ზოგიერთ შემთხვევაში იზრდებოდა კიდეც. აი მაგალითად, სიბერის შიში. მე ხომ მჯერა, რომ ბებიაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია, ვინც ოდესმე მინახავს, ამიტომ კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს. როცა მე ამაზე ვლაპარაკობ შენ ჩუმად ხარ და რაღაცაზე ფიქრობ. საერთოდ შენ ძალიან ბევრს ფიქრობ, ხანდახან ჩემს ნაცვლადაც და მე ამაზე ვბრაზდები, იმიტომ რომ ასეთ დროს ჩვენს შორის იშლება საზღვრები, ასეთ დროს შენ გავიწყდება აისიდორა დუნკანი და აღიარებ, რომ სინამდვილეში ელენე დარიანი გიყვარს. შენ იმასაც აღიარებ, რომ გეშინია ამ ყველაფრის, რადგან ერთმა ესენინი შეიწირა, ხოლო მეორემ პაოლო.

მე მეშინია შენი ფიქრების, შენ ?

საკუთარის თუ ჩემი ფიქრების ?

როცა მე გეუბნები, რომ შენ სხვანაირი გოგონები მოგწონს, შენ გეშინია, რომ ეს შესავალია, დასასრულის დასაწყისი და ამით მე რაღაც უნდა გითხრა, რაღაც ისეთი, რაც… მე ვხედავ როგორი დიდი თვალები აქვს შენს შიშს და ამიტომ მიკვრის, ძალიან მიკვრის, როგორ ვერ ხედავ, რომ მე ჩუმად ვიმეორებ ,,არ დამეთანხმო, ოღონდ ახლა არ დამეთანხო. თქვი, რომ მე ვცდები. თქვი, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ჩემი ფობიებია. არ დამეთანხმო.”

ასე ხდება ჩემი შიში შენი. ხდება პირიქითაც. როდესაც ისე გადის ეს გაზაფხული, რომ მე ყველა სიტყვა მახსოვს შენი და შენი ფიქრების საპასუხოდ, მე ყველა სიტყვა მახსოვს საკუთარი თავის.

შენი შიშების საპასუხოდ –  მე დარწმუნებული ვარ. შენ?

შენ გაინტერესებს რაზე ვფიქრობ მე ძილის წინ. ძილის წინ მე ვფიქრობ შენზე და მეშინია – რა იქნება თუ იგივეს არ აკეთებ შენ. ამიტომ მესიზმრება უცნაური სიზმრები, რომლებზეც სულ გპირდები, რომ მოგიყვები, მაგრამ ამ პირობას არ ვასრულებ.

მე შენ მიყვარხარ. შენ ?

 

ამიტომ ნუ ათენებ ღამეებს. შეგიძლია მშვიდად იძინო. Close your eyes, you can close your eyes. It’s alright. This old world must be spinning around, and I still love you. And you can stay as long as you like. So, close your eyes.

შემოდგომა, 2013 წელი

 

 

 

 

 

 

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

My Vampire Love

tumblr_monvxxaHVy1qf7t2so1_500

ყველაფერი მანსარდების სიყვარულით დაიწყო. Mansard Roof – იყო Vampire Weekend-ის პირველი სიმღერა, რომელსაც მოვუსმინე და თავისი მარტივი, უპრობლემო ტექსტით ყველა შემდგომი ზაფხულის ჰიმნად ვაქციე. შესაძლოა იმიტომ, რომ ისევე როგორც ,,სიმღერის ლირიულ გმირს”, მეც ხშირად მიგრძვნია ფეხქვეშ ცხელი ასფალტი და ჩუმად მიყურებია ხის ტოტების მიღმა დამალული მანსარდებისთვის.

vampire-weekend

Mansard Roof ვამპირების პირველი ალბომის პირველი სიმღერაა. სწორედ იმ ალბომის, რომლის გარეკანსაც უზარმაზარი ჭაღი ამშვენებს. ამ ჭაღის ქვეშ ერთად ბინადრობენ ჩემთვის ძვირფასი სიმღერები: აფრიკული სახელით, ირლანდიური ჟღერადობით და პიტერ გაბრიელით (?) ტექსტში (Cape Cod Kwassa Kwassa); კლასიკური მუსიკის ელემენტებით და მანჰეტენზე მოძრავი 79 ნომერი ავტობუსით (M79); მოუწესრიგებელი ჰარმონიით (I Stand Corrected) და სამწუხარო რეალობით (Kid’s Don’t Stand a Chance).

The favorite song of the album: ჯგუფის გიტარისტმა Ezra Koenig-მა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმღერა Oxford Comma ერთგვარი მანიფესტია ელიტიზმის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც შესაძლოა გაგაკრიტიკონ, ჭკუა დაგარიგონ მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტი იციან ვიდრე შენ, იციან თუნდაც ინგლისური ენის პუნქტუაცია. მე ინგლისური ენის ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და შესაბამისად ვიცი რას ნიშნავს Oxford Comma, თუმცა ვიტოვებ უფლებას მიყვარდეს ანალოგიური სახელწოდების სიმღერა.

Oxford comma - მარტივი საილუსტრაციო მაგალითი

Oxford comma – მარტივი საილუსტრაციო მაგალითი

მეორე ალბომმა, სახელწოდებით Contra, პირველის გამოსვლიდან ძალიან სწრაფად იხილა დღის სინათლე და პირადად მე უკეთესის სურვილი დამიტოვა. (in my extremely humble opinion). ექპერიმენტებით შეპყრობილმა ჯგუფმა დაივიწყა მათი მთავარი განმასხვავებელი თავისებურებები და შედეგად მივიღეთ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სიმღერები. თუმცა რამდენიმე კეთილი სიტყვა მაინც უნდა ვთქვა: ბრინჯისაგან დამზადებული მექსიკური სასმელის მოსახელე – Horchata, ალბომის უკანასკნელი ტრეკი – I Think Ur a Contra და Giving up the Gun -კლიპით ჩოგბურთელ გოგონაზე RZA-ს, Jake Gullenhaal-ის და რომელიღაც ძმა ჯონასის მონაწილეობით.

Ted Brody-ის ფოტო, მოდელი - Kirsten Kennis. 1983 წელი

ალბომის Contra ქავერ ფოტო. ავტორი: Ted Brody, მოდელი – Kirsten Kennis. 1983 წელი

favorite song of the album: ყველაზე ხშირად ამ ალბომიდან Taxi Cab-ს ვუსმენ. მშვიდი და ამავე დროს ემოციური მელოდიაა. [“I remember, remember it well, But if I’d forgotten
could you tell?”] . როგორც ვამპირები ამბობენ, სიმღერის დაწერისას შთაგონების წყარო ჩემი ერთერთი საყვარელი კომპოზიცია Lou Reed-ის Take a walk on the wild side იყო, ამიტომ სულაც არ მიკვირის, რომ ალმობის საუკეთესოდ სწორედ ეს ტრეკი მიმაჩნია.

საინტერესო ისტორია აქვს ალბომის ქავერ ფოტოს, რომელიც ჯგუფის წევრებმა, საიტზე Flickr.com აღმოაჩინეს, ფოტოგრაფს დაუკავშირდნენ და მისი გამოყენების უფლება შეისყიდეს. ტედ ბროუდი ალბათ ვერსადროს იფიქრებდა, რომ რევლონის სარეკლამო კამპანიაში მონაწილე მოდელისათვის პოლაროდით გადაღებული ფოტო მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა. კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა თავად ფოტოზე გამოსახული კირსტენ კენისი, რომელმაც 2010 წელს ჯგუფისაგან 2 მილიონი დოლარი მოითხოვა კომპენსაციის სახით. სასამართლო დავა მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულდა, თუმცა შედეგები საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია.

და ბოლოს, მესამე ალბომი – ,,Modern Vampires of the City” . 2013 წელს იმდენი კარგი ალბომი გამოვიდა, რომ ხანდახან გული სიხარულით მეკუმშება და ეს წელი კაცობრიობის აღსასრული მგონია. რთულია ასეთი კონკურენციის პირობებში მრავალი კრიტიკოსის და პირველ რიგში საკუთარი მსმენელის გული მოიგო.

როგორ მოახერხა ეს Vampire Weekend-მა? ქვემოთ ჩამოთვლილია 12 შესაძლო მიზეზი:

1. Obvious Bicycle 

2. Unbelievers – შეუძლებელია ამაზე უკეთსად დაპირდე საყვარელ ადამიანს, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით.

3. Step – ჩემი ფავორიტი სიმღერა ალბომში. და სულაც არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ Souls of Mischief-ის სიმღერის Step to my Girl-ზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგია. ყველაფერი დასაშვებია во имя музыки.

4. Diane Young -ამბობენ დაიანა არაფერ შუაშია, უბრალოდ სიტყვების თამაშია და ადრეულ ასაკში სიკვდილს (dying young) უმღერიანო. Who knows.

5. Don’t Lie

6. Hannah Hunt -დროის სუბიექტური შეგრძნება [“Though we live on the US dollar, You and me, we got our own sense of time”];

7. Everlasting Arms – ალბათ ვერსადროს წარმოვიდგენდი, რომ ვამპირებზე წერისას ძველი აღთქმის ციტირება დამჭირდებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.  “The eternal God is thy refuge, and underneath are the everlasting arms.” -Deuteronomy 33:27. და ალბათ True Grit-ში გამოყენებული Leaning on Everlasting Arms უნდა გავიხსენო, რომლის ქალბატონი შემსრულებლის სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს.

8. Finger Back

9. Worship you 

10. Ya Hey – შამპანურის შხეფებით სავსე კლიპით.

11. Hudson – ალბომის ყველაზე მინორული სიმღერა. ჰენრი ჰუდსონი მართლაც იმ ყურეში მოკვდა, რომელსაც შემდეგ სახელი მის საპატივცემულოდ დაარქვეს. შეთქმული მეზღვაურების მიერ ბედის ანაბარად მიტოვებული ჰუდსონისთვის ვინ იცის, იქნებ ეს სანუგეშო ამბავი ყოფილიყო.

12. Young Lion – ცოტაოდენი იმედი ალბომის ბოლოს [“You take your time, young lion”].

მომავალ შეხვედრამდე,

ფრთხილად, ქალაქში ვამპირები არიან !

tumblr_mo3s5afhiV1rf5ml2o2_500

ალბომის Modern Vampires of the City ქავერ ფოტო

Posted in Uncategorized | Tagged , | 2 Comments

ამბავი ერთი უკან დაბრუნებული წერილისა

995689_262829443856473_1898903575_n (1)არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე უკან დაბრუნებული წერილები. საფოსტო მარკებით, ბეჭდებით, წარწერებით აჭრელებული მოწყენილი კონვერტები, რომლებმაც თქვენი იმედები ვერ გაამართლეს, ვერ შეძლეს ადრესატამდე მიეტანათ სიტყვები, ფიქრები, გრძნობები… იმის უნარიც კი არ შესწევთ, რომ უსუსურად აიჩეჩონ მხრები და თავი დახარონ.

როგორც ზღაპრებში, თუ უსამართლობა ხდება რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა და ცხრა მთა გადაიარო. ხოდა მეც, შაბათ დილით ლურჯი მაისური ჩავიცვი და გავემგზავრე ზღვისპირა ქალაქში, ჭიამაიებიანი ჩანთით, ქინდლით, Tame Impala-ს მუსიკითა და ერთი უკან დაბრუნებული წერილით, რომლის ისტორიაც უნდა გიამბოთ.

ზღაპრის გმირები ასეთ მნიშვნელოვან მოგზაურობაში არასდროს მიდიან მარტო. ეს ტრადიცია არც მე დამირღვევია. ყველაზე ერთგული და საყვარელი ადამიანები შემოვიკრიბე გარშემო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემი ჩანაფიქრის შესახებ არაფერი იცოდნენ, მშვიდად კითხულობდნენ Stephen King-ის Misery-ის, ეძინათ ან რისკავდნენ ერთ ყველასათვის საყვარელ თამაშს, რომლის სახელი არც ითქმის და არც დაიწერების.

ყველა ზღვისპირა ქალაქი თავისებურად ზღაპრულია, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით. ამ ქალაქში, ისე გელოდებიან, როგორც არსად და არასდროს. ზოგი მათგანი შენს ხმას რკინის კარის მიღმაც კი ცნობს, ზოგის თვალებში მთელი სამყაროს სამყოფი სიყვარული ეტევა, ზოგიერთმა ყველაფერი იცის და ჩუმად გელის. და ეს საოცარი ადამიანები ისე გეხუტებიან, რომ სუთქვა გიჭირს. აქ და არსად სხვაგან – ყველაზე გემრიელი საჭმელი, დილით ადრე გამომცხვარი პიცაა; ყველაზე კარგი საფეხბურთო გუნდი – ის, რომელიც მართლაც ასეთია; ყველაზე სასაცილო საქმიანობა – Candy Crash-ის გაუთავებელი თამაში; ყველაზე კარგი ტურნირი ის, რომლის მოგების შემთხვევაშიც ტორტს გაჭმევენ; ყველაზე გულახდილი საუბარი – ყავასთან ერთად გრილ კაფეში და აუცილებლად კუთხის მაგიდასთან; ყველაზე კარგი ამინდი – წვიმიანი, მხოლოდ მაშინ თუ ქუჩაში მოგისწრებს და თავიდან ფეხებამდე დაგასველებს.

და სანამ გზააბნეულ, დაკარგულ წერილს ადრესატს ჩავაბარებდე, კიდევ ერთ საოცარი ადგილის შესახებ უნდა მოვყვე. მე ვფიქრობ, რომ ერთი სიცოცხლე არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, რეინკარნაციის არ მჯერა, მაგრამ მჯერა წიგნების და ვიცი, რომ ყოველი წაკითხული წიგნი ახალი გზაა, რომელსაც გავდივართ. და თუ ერთ სივრცეში ყველა შენი წარსული თუ მომავალი ცხოვრება იკვეთება, ეს ყველაზე კარგი წიგნების მაღაზიაა. პეპი – ჩემი პირველი წიგნი, ბაბუაწვერას ღვინო და Mocking bird – წიგნები, რომლებიც შვილებს უნდა წავაკითხო, სელინჯერი და Dreamcatcher, ჩემი განუმეორებელი ამელი, ამერიკელი ღმერთების მამა, უცხო ადამიანებთან  აკრძალული საუბარი და აუტანელი სიმსუბუქე, რომელსაც ამ საოცარ ადგილას გრძნობ.

დიდხანს ვფიქრობდი, ამ მაღაზიაში ნანახ ზარდახშაზე, წარწერით – ,,გახსოვდეს!”. ალბათ ოცამდე განსხვავებული ისტორია შევთხზე და ბოლოს ერთ მეტად ეგოისტურ დასკვნამდე მივედი. ვინ იცის, იქნებ ის წარწერა ჩემთვის იყო განკუთვნილი და მე მეუბნებოდა, გახსოვდეს ეს დღე, ეს ქალაქი, ეს ადამიანები – გახსოვდეს, როგორი ბედნიერი ხარ ახლა, ვინ იცის მომავალში როგორ დაგეხმარებიან ეს მოგონებები. მე ვფიქრობ, რომ იქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ისტორია დაუკავშირა იმ ჯადოსნურ ზარდახშას და მოგონებებიც ჩამოალაგა მეხსიერების თაროებზე, ჩემს მსგავსად.

და აი დარღვეული წონასწორობაც აღდგა, წერილმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია, ორ ადამიანს და ერთ პრინცესას ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა ჯერ კითხვა არ იცის, მე მაინც სამივეს გავუგზავნი წერილებს ზღვისპირა ქალაქში, ხოლო თუ ჩემს წერილებს გზა აებნევათ და დაიკარგებიან, თავად ჩავიტან, იმიტომ რომ ამქვეყნად არაფერი, არცერთი გრძნობა არ შეედრება იმას, უყურებდე ბედნიერ ადამიანებს, რომლებსაც ხელში სიტყვებით აჭრელებული ფურცლები უჭირავთ, გიღიმიან და იმდენ რამეს გეუბნებიან თვალებით, რომ მერე დიდხანს უნდა იმტვრიო თავი, როგორ შეძლებ პასუხი გასცე მათ. არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ ვეცადე.

ანია

ივნისი, 2013 წელი

პ.ს მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნების ამბავი მარიმ იცის და ჩვენ ამას ,,უხილავ კავშირს” ვეძახით.

Posted in Uncategorized | Tagged , | 5 Comments

Bon Iver, Bon Iver

holocene_boniver

,,თუ ვინმე გკითხავს – სად ხარ ახლა? – მას არ აინტერესებს სად ცხოვრობ, სად მუშაობ ან საერთოდ სად დარბიხარ ყოველ დილით. მას უბრალოდ უნდა იცოდეს – როგორ ხარ ახლა? ,,ადგილი” ალბათ ყველაზე ნაკლებად ნიშნავს გეოგრაფიულ მდებარეობას, ის უფრო მდგომარეობაა. ეს ალბომიც იმ ,,ადგილებზეა” რომლებთანაც მჭიდრო შინაგან კავშირებს მთელი ცხოვრების მანძილზე შევინარჩუნებთ”  – Justin Vernon , The Guardian 

1. Song: Perth
Location: Perth, Australia 
image

,,ჩემი მშობლების სახლში რეჟისორი Matt Amato ერთ ძველ სიმღერაზე კლიპს იღებდა, როცა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი Heath Ledger გარდაიცვალა. იჯდა და ტიროდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. არც მე ვიცოდი. ჩემს სახლში კი ტელეფონი არ გაჩერებულა.  ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ქალაქი Perth, სადაც ის უბედური ბიჭი დაიბადა სულაც არ გავს სიკვდილს, პირიქით ის შესანიშნავად ერითმება სიტყვას – ,,დაბადება” (Birth), ამიტომ უცნაურია, რატომ არის ეს ყველაფერი დასასრული და არა დასაწყისი.  მოგვიანებით თავად ვესტუმრე ამ ავსტრალიურ ქალაქს და მარტოობის, სამყაროსგან სრული იზოლაციის გრძნობაც სწორად ასე მოხვდა სიმღერაში” –   Rolling Stone;  Clash Music

2. Song: Minnesota, WI
Location: Minnesota Junction, Wisconsin, USA 

 შტატის აღმოსავლეთი ნაწილი,  ქალაქ  Oak Grove-თან ახლოს.

,,ვინატრებდი შემეძლოს გზაში სიმღერების, ლექსების წერა, კომპიუტერში მათი თავმოყრა. ჩემთან ყველაფერი სხვაგვარადაა. ხანდახან ერთადერთი რამ, რაც ფიქრისთვის მჭირდება მშობლიურ ადგილებში დაბრუნდებაა. დედამიწაზე კი მხოლოდ ერთი ასეთი ადგილია, ჩემთვის – ვისკონსინი.” – Q magazine

3. Song: Holocene
Location: Portland, Oregon, USA
portland_street

,,ბუნებრივია, გეოლოგიურ ერასაც უკავშირდება. თავისებურად… თუმცა შთაგონების წყარო მაინც პორტლენდის ერთერთი ბარი იყო ანალოგიური სახელწოდებით. სიმღერის სახელი ჩემთვის ,,კარგად არყოფნის” მეტაფორაა. თვითონ სიმღერა კი შინაგან თავისუფლებაზე და საკუთარი დანიშნულების ძიებაზეა, იმის მტკიცე და ურყევ რწმენაზე, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო განსაკუთრებულიც და უმნიშვნელოც. ” – Mojo

*კლიპი სიმღერაზე ავსტრალიელმა Nabil Elderkin-მა ისლანდიაში გადაიღო, ხოლო მისი დებიუტი National Geographic-ის ოფიციალურ გვერდზე შედგა.

4. Song: Towers
Location: Eau Claire, Wisconsin, USA
up-4MEBF184QGP6GV72

,,კოშკები ჩემთვის ადამიანური ურთიერთობების სიმბოლოებია. ჩვენ მათ გამუდებით ვაშენებთ და ვფიქრობთ, რომ უბრალო სახლები არ დაგვაკმაყოფილებს, რომ ყოველ ჯერზე ისინი განსაკუთრებულები და გამორჩეულები უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ ამ კოშკების უმრავლესობა დანგრევისთვის არის განწირული. Eau Claire-ის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელსაც ასე ჰქვია – კოშკები. სწორედ იქ ავაშენე ერთი მშვენიერი ურთიერთობა, რომელიც, ბუნებრივია, როგორც ყველა მსგავსი კოშკი უმოწყალოდ გაასწორეს მიწასთან”

5. Song: Michicant
Location: State of Michigan, USA 

,,ეს არ არის მართლწერის შეცდომა. სინამდვილეში სიმღერის სახელი უნდა იწერებოდეს როგორც Michican’t, იმიტომ რომ ეს არის სიმღერა ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკვე აღარ შეგვიძლია. ხოლო თუ ამ აკრძალვებს დავარღვევთ სამუდამოდ მოგვიწევს დასავლეთ მიჩიგანში ანუ ჯოჯოხეთში გამგზავრება” – Q magazine. 

6. Song: Hinnom, TX
Locations: Valley of the Son of Hinnom, Jerusalem, Israel 
                       State of Texas, USA 
The-Hinnom-Valley

,,სანამ მუსიკისთვის ტექსტს დავწერდი, ვფიქრობდი რომ მელოდია ძალიან გავს უდაბნოს. შემდეგ გამახსენდა ხეობა იერუსალიმთან ახლოს, უცნობი ადამიანების საფლავები და გადავწყვიტე ეს მისტიური ადგილი შუაგულ Texasში გადმომეტანა. შთაგონების წყარო Lucinda Williams-ის სიმღერა Fruits Of My Labor იყო, რომლის მოსმენის შემდეგაც მივხვდი რომ დასასრული შეიძლება იყოს დასაწყისი, რომ ხანდახან ჩვენ საკუთარ თავში ვკლავთ, ვმარხავთ უცნობ და საინტერესო ადამიანებს.” – The Sun

7. Song: Wash. 
Location: Eau Claire, Wisconsin, USA

,,როდესაც ჩემი სიმღერების სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტებთან დაკავშირება დაიწყეს, ერთი წუთითაც არ შეპარვიათ ეჭვი რომ ამ სიმღერის სათაური Washington-ის შემოკლებული ვერსიაა. სინამდვილეში ის Eau Claire-ის მარტის წვიმებზეა, რომლებიც თოვლს გადარეცხავს (wash) ხოლმე, ეს კი გაზაფხულის მოსვლის უტყუარი ნიშანია” – Q magazine. 

8.Song: Calgary
Location: Calgary, Province of Alberta, Canada
008-album-0023

,,მე არასოდეს ვყოფილვარ Calgary-ში, ის მეტაფორაა ყველაფრის, რაც უცნობია ჩვენთვის, რაც არასდროს გვინახავს, რაც არ განგვიცდია. ეს სიმღერა იმედზეა. წარმოდგინეთ, რომ საკურთხეველთან სრულიად უცნობი ადამიანის გვერდით დგახართ და საქორწინო ფიცს კითხულობთ. თითქოს იმ ადამიანს ეუბნებით – მე არ ვიცი ვინ ხარ შენ, მაგრამ მჯერა, რომ შეიძლება იყო ის ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარული, რომლის რწმენაც ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩემში და ყველაფრის მიუხედავად დღემდე არ დამიკარგავს. სწორედ ამიტომ მოიწვიეთ თავგადასავალი თქვენს ცხოვრებაში და გწამდეთ მისი.”  – The Sun 

9. Song: Lisbon, OH
Location: Lisbon, Ohio, USA

,,ჩემი მეგობარი Ian Wallace სამი წელი იჯდა ამ ქალაქის ციხეში. როდესაც ეს მელოდია მესმის, მახსენდება მისთვის მიწერილი ყველა წერილი . მე არ ვიცი რატომ სურდა მას უნივერსიტეტის შენობების აფეთქება და ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებ. ვიცი რას ვგრძნობდი, როდესაც ძალიან მენატრებოდა.” –The Sun

10. Song: Beth/Rest
Location: Heaven 

,,ეს სიმღერა დასასრულია, სიკვდილი. მაგრამ ეს კარგი სიკვდილია. დასვენება. ქალის სახელია. ეს უსასრულობაა, რომელიც ამ სიმღერაში ცოცხლობს და იმედი მაქვს მარადიულად იცოცხლებს, რადგან ჩემთვის ალბომში საუკეთესოა. ის სამოთხეა.”  – NPR

Holocene

Holocene

პ.ს ეძღვნება მებოს, რომელსაც დავპირდი რომ ამ ამბებს მოვუყვებოდი.

Posted in Uncategorized | Tagged , | დატოვე კომენტარი