გამომცემლობას ,,წიგნები ბათუმში”,

1489005_383511891829458_6787625649927231822_n

მოგესალმებით,

მამაჩემი ჯართის შემგროვებელი ფიორელო ბოდონია. ჩვენ მომჭირნედ ვცხოვრობთ ჩემს დედასთან და და-ძმებთან ერთად. დაბადების დღის საჩუქრად კოსმოსური ხომალდის საგზური მინდოდა, რომელიც 30 და მეტი მილიონი ღირს, თუმცა ამის სანაცვლოდ ,,ტანმოხატული კაცი” მივიღე. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან თქვენი წყალობით დიდი ხნის ოცნება ამისრულდა და კოსმოსში ვიმოგზაურე.

მეგონა, რომ კოსმოსი სიცარიელეა. ვცდებოდი.

დღეს უკვე აღარ მაოცებს ვარსკვლავებიანი ცა ჩემს თავზე და ვიცი, რომ ადამიანი თუ მისი მორალური კანონი გაცილებით უფრო დიდი და ამოუხსნელი გამოცანაა.

მაგალითად, ჰიჩკოკი, ჩემი იქაური მეგობარი, ამბობს, რომ არაფერი არსებობს, არც ვარსკვლავები, არც პლანეტები, არც ის ხომალდი, რომლითაც ერთად ვმგზავრობთ. მეუბნება, რომ ეს არის სივრცე, სადაც არაფერია, არც თავს ზემოთ და არც ქვემოთ, სადაც არც დღეა და არც ღამე. მაშინებს მისი აზრები, თუმცა იმედი მაქვს, არ გაგიჟებულა და უბრალოდ დედამიწა მოენატრა. არ ვიცი როგორ სიზმრებს ხედავენ ადამიანები ასეთ დროს.

ჩემთვის ნოსტალგია ძველი ფილმის ერთი კადრია, როცა უცხო ქვეყანაში წასულ პოეტს თუ მოგზაურს თავისი ოჯახი ესიზმრება, ნისლში გახვეული ხის სახლი, მოხუცი დედა, ცოლი, შვილი, ცხენი და ძაღლი. ისინი უძრავად დგანან. დგანან სიჩუმესა და სიცივეში, უთქმელი სევდით სავსე თვალებით. არაფერს ითხოვენ, არაფერს ელიან. ვფიქრობ, ნუთუ ჰიჩკოკიც ასე იტანჯება?

მარსზე, მშრალი ზღვის ფსკერზე, დედამიწიდან გადასახლებულ ავადმყოფებს შევხვდი. მთხოვეს და ქალაქებზე ვუყვებოდი, იმ ქალაქებზე, რომლებიც მიატოვეს და რომლებიც ძალიან ენატრებათ. რაში ეხმარებოდათ ჩემი ისტორიები? არ ვიცი. უბრალოდ, თვალებს ხუჭავდნენ და ამბობდნენ, რომ ხედავენ ქუჩებს, სკვერებს, ესმით მანქანების ხმა. ასეა. გალაქტიკის მოქალაქე ადამიანის მონატრებას ერთი ქალაქის პატარა ქუჩა იტევს.

ვენერაზე წვიმდა. წვიმდა გადაუღებლად. წყლით იყო გაჟღენთილი მიწა და ჰაერი. თუ მათი ამბავი გაინტერესებთ, მე ისინი არ მინახავს და არც მინდოდა, რომ მენახა. შეუცნობელის შიში უფრო ნამდვილი შიშია. ბევრი რამ არ მახსოვს იმ დღეებიდან. წვიმის ხმაური ახშობდა ჩემს ფიქრებს. ვიცი, ხშირად ვუყურებდი საკუთარ დეფორმირებულ, წლით დამბალი თითების ფალანგებს და ძალიან მეშინოდა, რომ არასდროს ექნებათ მათ ჩემთვის ნაცნობი ფორმა.

ერთგან უცნაურ წყვილს შევხვდი. ამბობდნენ მომავლიდან ვართ, რაღაც რეჟიმს თუ დიქტატურას გამოვექეცით და ჩვენს უკან დაბრუნებას ცდილობენო. მაფრთხილებდნენ ატომურ ომზე, ქიმიურ იარაღზე, სამყაროს აღსასრულზე. დავამშვიდე, ვუთხარი, მსგავსს არაფერს ვაპირებთ, მშვიდობასა და თანასწორობაში უნდა გავლიოთ ჩვენი დღეები-მეთქი. გაეცინათ. წამოვედი. გზაში ვფიქრობდი, რამდენჯერ უნდა წაიკითხო ადამიანმა ორუელი დევნის მანიით ასე შეპყრობილი რომ გახდე-მეთქი.

ისიც იყო, ალბათ. ისევე როგორ ჩვენთან, ის იყო არსად და ამავე დროს ყველგან. და იყო პირობაც, რომ ის დაბრუნდება. კოსმოსური ხომალდის კაპიტანი შემხვდა, მითხრა, სულ რამდენიმე საათით გამასწრო ერთი პლანეტიდანო. ჯიუტად ეძებდა უსასრულო კოსმოსში, როგორც ნემსს (თუ ნემსის წვერს) თივის ზვინში. მე ვუთხარი, ჩემი მეგობრები ამბობენ საკუთარ თავში უნდა ეძებო და მხოლოდ ასე თუ იპოვი-მეთქი. არ დამიჯერა. ან მე რა მიპოვნია, იმას რომ რჩევას ვაძლევდი.

ათასგვარი შიში დამჩემდა. მაგალითად, რას ვიზამ თუ მეცოდინება რომ არასდროს დადგება ხვალინდელი დღე? გადავწყვიტე, რომ არაფერს. ვიცხოვრებ ისევე, როგორც ყველა დანარჩენ დღეს, იმიტომ რომ დღეები, რომელთა რიცხვითაც ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების ხანგრძლივობა იზომება, ყველაზე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეებია. ვეტყვი, რომ მიყვარს, ისე ,,როგორც ყოველთვის” და არა ,,როგორც არასდროს”. ვეცდები, არ შემეშინდეს, თუმცა გამიჭირდება. გული დამწყდება ყველა დაუმთავრებელ წიგნზე, შეწყვეტილ ცეკვასა და პატარა ქალაქის მთავარი მოედნის ღია კაფეზე, სადაც არასდროს დამილევია ცხელი ყავა.

კოსმოსში ვისწავლე, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილი მზის დაბნელებას გავს. ასეთ დროს მარტივია შეიძულო მზე, რომელსაც აღარ მოაქვს სითბო და სინათლე, ფანჯრებზე შენი მარტოობით დამძიმებული შავი ფარდები ჩამოაფარო, დარაბები მჭიდროდ დახურო, დაგმანო ყველა ღრიჭო თუ ნაპრალი. მერე დაჯდე და გაიხსენო ყველაფერი, რის დავიწყებასაც უშედეგოდ ცდილობ.

რას დავარიგებდი ასეთ დროს საკუთარ შვილს? ვეტყოდი, რომ ყოველთვის როდესაც ექნება არჩევანი ტკივილსა და არაფერს შორის, აირჩიოს ტკივილი. მე ეს დიდი ხნის წინ ერთმა იოკნაპატოფელმა კაცმა მასწავლა და მართალიც იყო. ის ყოველთვის მართალია.

კოსმოსი სიცარიელე არ არის, თუმცა იქ არაფერია ადამიანების საუკუნოვანი სევდისა და მარტოობის გარდა.

თქვენ მე მაჩუქეთ ეს კოსმოსი.

დიდი მადლობა,

ანია ბოდონი,

გაზაფხული, 2015 წელი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი