ეკატერინას,

საზოგადოდ ცუდი მეხსიერება მაქვს. ეს ცხოვრებისეულ საკითხებში, თორემ მათემატიკური ფორმულები, იცოცხლე, ზეპირად მახსოვს თითქმის ყველა. ვერ ვიმახსოვრებ თარიღებს, ტელეფონის ნომრებს, ფასებს, ასაკს – ჩემი ძვირფასი ძმისაგან განსხვავებით. სამაგიეროდ შეიძლება ძალიან კარგად დამამახსოვრდეს – ფერი, მელოდია, სურნელი, კადრი, ემოცია – ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე მეტად.

სწორედ ამიტომ არ მახსოვს რამდენი წლის წინ გაგიცანი, სამაგიეროდ მახსოვს შენი ჯემპრი ლურჯი და თეთრი ზოლებით, მახსოვს მოკლედ შეჭრილი თმები (a’la Хакама́да) რომელიც ნამდვილი ჰიტი იყო მაშინ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, და რაც არ უნდა იყოს, მაინც რაღაცნაირი პარიზული ელფერი დაჰკრავდა.  იმ ასაკში შეუძლებელია პარიზი არ გიყვარდეს, ახლა პროვანსის ნებისმიერ სოფელზე გავცვლი და რომელიმე ადგილობრივი წისქვილიდან მოგწერ ვრცელ წერილებს. (ვინ ალფონს დოდე?)

მე მაინც ვერ ვისწავლე ფრანგული. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ტრადიციულ ფრანგულ სიტყვებთან (ბონ’ჟუუღ, ო’რევუაღ, მეღსი, სავა) ერთად მე ვიცი ერთი მარტივი და ჩემთვის ძალიან საყვარელი წინადადება, რომელსაც გამიზნულად არ ვწერ, სხვამ რომ არ მიითვისოს და მიისაკუთროს. ჩემი ფრანგულის ცოდნა და სიყვარული – ,,დათვი მიდის სკოლაში” ფრაზით მჟღავნდება და ჩემთვის ეს საკმარისზე მეტიცაა.

მელოდია – ყოველთვის როცა პატრიცია კაასის ალბათ ყველაზე სევდიანი სიმღერა ,,If you go away” მესმის, მგონია რომ ეს რატომღაც შენ გიკავშირდება, შენზეა თუ რაღაც ამის მსგავსი.  ღმერთმანი, უცნაური ასოციაციაა, თითქოს მახსოვს რომ გიყვარდა, ისიც ალბათ დიდი ხნის წინ, ასეთივე წარმატებით შეიძლება მეშლებოდეს. უცნაური რამეა. უცნაური და ამავე დროს საინტერესო.

რა დაგვრჩა? რაიმეს გემო – როგორც მომაკვდავს ბებიის თუ დედის მიერ გამომცხვარი შვრიის თუ ნუშის ორცხობილა (აქ შესაძლოა ფაქტობრივ შეცდომას ვუშვებდე – ეს ამბავიც შენ მომიყევი დიდი ხნის წინ). დღესაც მგონია რომ სულაც არ იყო ისე კატასტროფულად მარილიანი ის კატლეტები და კარტოფილიც ძალიან მოგვეწონა მე და ნიკას.

ჩვენ ერთად გატარებულ დროს თუ შევაჯამებთ, დარწმუნებული ვარ ბევრი რამის გახსენებას შევძლებ, მაგრამ ნამდვილი ემოცია ძალდაუტანებელ მოგონებას მოაქვს. კინოს კადრივით თუ შევაჩერებთ, მაშინ ის ასეთი იქნება – თარიღი კვლავ არ მახსოვს.  სახლში მე, შენ და ნიკა ვართ, თანაც მარტო. ჩვეულებრივი საღამოა. ტელევოზორში ვიღაც აფროამერიკელი (პოლიტკორექტული ვარ) ახალგაზრდა უკრავს, მოგვიანებით გავიგებთ რომ ეს ცნობილი პიანისტი Keith Jarrett-ია. ჩვენ ვიცინით, ისე რომ სუნთქვა გვიჭირს, ყველა კუნთი გვტკვივა და მაინც ვერ ვჩერდებით. ეს ბედნიერებაა. ჩემთვის ბედნიერება დღემდე ასეთია, მარტივი და სპონტანური.

და ბოლოს, ყველაზე რთული – ემოცია. ჩემს არცთუ ხანგრძლივ (და იმედია დღეგრძელ) ცხოვრებაში არ არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელზეც ვიტყვი, რომ მათ ჩემში რაღაც შეცვალეს, გავლენა იქონიეს იმაზე, როგორ ვფიქრობ, როგორ ვცხოვრობ, რა მიმაჩნია სწორად და პირიქით, რა შეცდომებს ვუშვებ და რითი ვამაყობ. და შენ, სწორედ ის მეტეოროლოგი ხარ, რომელმაც  ეს შეძლო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

დაბადების დღეს არ გილოცავ, არ არის ამის აუცილებლობა.

დიდი სიყვარულით,

ანია

ცხელი ქალაქი,

კუნძული სანტა-ესპერანსა

ივლისი, 2012

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

1 Responses to ეკატერინას,

დატოვე კომენტარი